logo
ENG



POG: "თაღლითური ქოლცენტრების" მოწყობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დავაკავეთ

04 თებ 202412:00
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურის განცხადებით, ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავეს. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ბექა კვიციანმა ისაუბრა. 

პროკურატურის ცნობით, თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე ათეულობით ფიზიკური პირი, მათი საცხოვრებელი ბინები, მანქანები და სამუშაო ადგილები გაჩხრიკეს. 

"ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას. 

ქოლცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებგვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან ფინანსურ გარიგეგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ.

აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარულ ფრანკს. ხოლო შემდგომში თაღლითური დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში. მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით", - ამბობენ პროკურატურაში. 

უწყების განცხადებით, გამოძიების ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას. 

დაკავებულებს ბრალდება "ორგანიზებული ჯგუფების მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების" საქმეებზე წარედგინათ, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით უკვე მიმართეს. 

პროკურატურაში ამბობენ, რომ 2021-2024 წლებში სისხლის სამართლებრივი დევნა ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული 72 ფიზიკური და 3 იურიდიული პირის მიმართაა დაწყებული.

 

close დახურვა